ეს წიგნი
ჩემი ქვეყნიდან შორს, ძალიან შორს იწერება,
მაგრამ ფიქრმა არც მანძილი იცის და არც დრო. იგი გამუდმებით გაწუხებს, სადაც არ
უნდა იყო და
როგორც არ უნდა გრძნობდე თავს. გაწუხებს, რადგან
ეს მთავარი ფიქრია და მას ვერსად გაექცევი. თუმცა ზუსტად და კონკრეტულად რას დაარქმევ, არც იცი და, ალბათ, არცა აქვს მნიშვნელობა. მთავარია, რომ გაწუხებს და სამყაროს იმ პატარა ნაწილს, რასაც შენი ქვეყანა და მიწა ჰქვია, მაინც ვერ შორდება. და ეს ფიქრი გამუდმებით თან დაგყვება, სადაც არ უნდა იყო და როგორც არ უნდა გრძნობდე თავს და მაინც ყველგან და ყველაფერს შენს პატარა სამშობლოს ადარებ, შენს ხალხს, წესსა და ტრადიციას, მდინარეებსა და მთებს...
სწორედ მთებიდან დაიწყო ყველაფერი - ბავშვობის მთებიდან - პირველი წიგნებიდან. იმ საოცარი წიგნებიდან, რომლებსაც ქმნიდნენ ედმუნდ ჰილარი და თენსინგ ნორგეი, მორის ჰერცოგი და ჯონ ჰანტი. წიგნები სიზმრებად იქცნენ, სიზმრები
კი ცრემლნარევ ოცნებად - საკუთარი თვალით მენახა ჰიმალაი. ამ ოცნების ახდენამდე ჯერ კიდევ შორს იყო და მეგობრებთან ერთად, ფეხით მოვიარე საქართველოს მთიანეთი. ქვეცნობიერად, რა თქმა უნდა, კავკასიონის მწვერვალები ჰიმალაის ბუმბერაზ მთებს უნდა შეეცვალა, მაგრამ სტუდენტობისა და ახალგაზრდობის შუალედური დრო, უდარდელობიდან უზარმაზარ დარდში გადაიზარდა და ჩვენი აშლილი ეპოქისა და ქვეყნის დაშოშმინებას ღვინით შევეცადეთ. სანამ კარგი ღვინოები ჯერ კიდევ არსებობდა ჩვენს ქალაქში, პირადად ჩემს ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა და სადღეგრძელოებს სიამოვნებით ვაყოლებდი ხოლმე ლირიულ ლექსებს. მაგრამ თანდათანობით, არაუალკოჰოლო სასმელს ნერვებისა და ხელების კანკალი მოჰყვა და, რამდენადაც მახსოვს, პირველად გული სადღაც იგოეთის ტეკთან (ან მისადგომებთან) გამიჩერდა. მეორედ და მესამედაც ექიმებმა ზუსტად იგივე თქვეს, რაც პირველად - აღარ უნდა დალიოო, მაგრამ უკვე გვიან იყო - ჭიქები შევსებული გახლდათ და თამადა სწორედ ჩემთან გადმოდიოდა ალავერდს. მაშინო, - უკან არ დაიხიეს ექიმებმა, - აი, ეს თანხა დასჭირდება ოპერაციას და შენგან სტამბულის კაჟს გამოვთლითო. კურსების გრანიტზეც თანახმა ვიყავი და მივდექ-მოვდექი, როგორც ჩვენში იტყვიან, ხალხი შევაწუხე, მაგრამ ამაოდ - ესაო, ისაო, პატივს კი გცემთ, მაგრამ ვერაო და სწორედ მაშინ გამახსენდა ჰიმალაი - კიდევ ერთხელ, როგორც ასპარეზი საკუთარი შესაძლებლობების სარეალიზაციოდ და, რაც მთავარია, როგორც საშუალება საკუთარი სხეულის დასაძლევად. გამახსენდა ჰიმალაი და სწორედ მაშინ მივხვდი და დავიჯერე, რომ ადამიანისათვის სულისა და სულიერის წარმართვა არის ურთულესი და პირიქით, თუ იგი მოინდომებს, სრულიად იოლად შეძლებს სხეულის დამორჩილებას. და გადავწყვიტე და შევძელი - გასაკვირად ჩვენი ოჯახის წევრებისა და კეთილისმსურველებისა - ჭიქა დავდგი, უფრო მეტიც - გვერდზე გადავდგი და ვარჯიში დავიწყე.
თუმცა ჰიმალაისათვის მხოლოდ სხეულის წვრთნა ვერაფერი ბედენაა და ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი იქაური ჰარმონიის მისაღწევად, ფსიქოლოგიური მომზადებაა; ამის მიღწევა, პირადად ჩემთვის, გაცილებით იოლი აღმოჩნდა, ვიდრე ფიზიკური მზადყოფნა მწვერვალზე ასასვლელად. პირველი მწვერვალი კი, რომელზე ასვლაც პირველი ქართული ექსპედიციისათვის ღმერთმა ინება, ჰიმალაის მონბლანად წოდებული დჰაულაგირია.
ქართველი მთამსვლელების რამდენი თაობა ოცნებობდა, ჰიმალაის თოთხმეტი რვაათასიანიდან ერთ-ერთზე მაინც განეხორციელებინა ასვლა და რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ყველაზე ახლოს ამ მიზანთან ქართველი ალპინისტები სამოციან წლებში იყვნენ, როცა ჩვენს ქვეყანას ნეპალის მაშინდელი მეფე ეწვია სტუმრად და, თუ ეს ლეგენდა არ არის, სვანეთის მთებში ჯიხვიც კი მოინადირა. ქართველ მთასვლელთა იმდროინდელი, უძლიერესი გუნდი, ჰიმალაიში მიიწვია, მაგრამ საბჭოთა მთავრობამ სასტიკი უარი განაცხადა ნეპალში ექსპედიციის გამგზავრებაზე.
1982 წელს (სხვა ინფორმაცია მე არ გამაჩნია) ჰიმალაის მთებში პირველი ქართველი მთამსვლელი აკაკი ხერგიანი მოხვდა საბჭოთა კავშირის ნაკრებ გუნდთან ერთად. ექსპედიციის თერთმეტმა მონაწილემ დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე ღამის ასვლა განახორციელა, მაგრამ მათ შორის აკაკი ხერგიანი არ ყოფილა. მიზეზი უცნობია, ფაქტი კია, რომ იგი ჟურნალისტის მოვალეობას დასჯერდა.
1991 წელს უკვე რუსეთის გუნდი დაიძრა იმავე ევერესტის დასალაშქრად და მწვერვალზე ასვლის სიხარული, სხვებთან ერთად, 54 წლის რომან გიუტაშვილმაც გაიზიარა; თუმცა წარმატებული ექსპედიცია მისთვის კინაღამ ტრაგიკულად დამთავრდა, როცა უკანა გზაზე, მწვერვალიდან დაშვებისას, ბატონ რომანს ტკბილად ჩამოეძინა...
წელს კი, ბატონ ასლან აბაშიძის ხელშეწყობით და ფინანსური დახმარებით, პირველად ქართული ალპინიზმის ისტორიაში, ქართველ მთამსვლელთა გუნდი კატმანდუში გაემგზავრა. ჩემი სპონსორობის თხოვნა ვერ გავბედე და მთავარ ჯგუფს ორი კვირით ჩამოვრჩი. ჩვენი ექსპედიცია ნეპალის მიმართულებით ინდოეთის გავლით წავიდა. მე კი, ნასესხები ფულით (ამჯერად სხვებისგან) მოსკოვიდან გავფრინდი კატმანდუს...
გზა
ძალიან მიყვარს მგზავრობა. ჯერ კიდევ ბავშვობიდან - დედაჩემს ზაფხულობით ზღვაზე მივყავდით დასასვენებლად, ძირითადად გაგრაში და მატარებლის ფანჯარასთან მიმსხდარნი, მე და ჩემი და, გემრიელად მივირთმევდით საგზლად წამოღებულ შემწვარ ქათამს. სკოლის კატლეტისა არ იყოს, მსგავსი აღარაფერი შემხვედრია სადმე და გაგრასთან
ერთად ის საოცარი სუნიც დაიკარგა, ზღვიდან რომ შემოიჭრებოდა ხოლმე ახლადგაღვიძებულ მატარებელში და ფანჯარასთან აკრული ბავშვებისათვის ამდენი სიხარული მოჰქონდა. მინის იქით ნაწვიმარი გალი და ოჩამჩირე ჩანდა და მატარებლის გამცილებელი აჩქარებით იწყებდა ჩამოტარებული ჩაის ჭიქების ფულთან ერთად აკრეფას. აღარც ისეთი ჩაის ჭიქები შემხვედრია სადმე, მიუხედავად იმისა, რომ როგორც კი დროსა და საშუალებას გამოვნახავ ხოლმე, წინ და უკან დავწანწალებ გაუთავებლად. და არც მესმის იმ ადამიანების, ვისაც სურვილიც კი არ უჩნდება სხვა მიწა და ქვეყანა ნახოს, ახალი ისწავლოს და გაიგოს, ვინმე გაიცნოს და დაუმეგობრდეს. არ მესმის იმ ადამიანების, ინტერესიც რომ არა აქვთ მოგზაურობის და შეიძლება პირიქით, ჩემისთანა გიჟების ხეტიალია მათთვის გაუგებარი. ალბათ ასეც იყო მოსკოვში, მოსკოველმა რაჭველებმა, ნეპალისკენ გზა რომ დამილოცეს და ერთი კი გაიკვირვეს - რაზე მიდიხარო, რაჭულადვე შევეცადე პასუხი გამეცა და ამასობაში ჩემი წასვლის დროც მოვიდა. რაჭველთაგან გაცილების ცერემონიალში მონაწილეობას იღებდნენ: მამუკა რაზმაძე, ძმები დავით და ნიკოლოზ კახეთელიძეები, აგრეთვე, წარმოშობით რაჭველი (ამჟამად კახელი) გია ნაცვლიშვილი და მისი მეუღლე ნინო გილიგაშვილი.
ინფორმაციისათვის: ეს ის გია მილვერდის ძე ნაცვლიშვილია (დედა - თამარ ქურდოვანიძე), ვისზეც ასე ხატოვნად თქვა გოგა კალანდაძემ - ერთადერთი ქართველია, ჩვენი ქვეყნის გარეთ რომ შოულობს ფულს და შიგნით ხარჯავსო.
კვლავ ინფორმაციისათვის: თავად ეს ფრაზაც ერთადერთი, აზრობრივად გამართული წინადადებაა, რაც გოგა კალანდაძის ბაგეებს დღემდე დასცდენია.
დამშვიდობებისას ყველამ ერთად, ფეხზე ადგომით, შევასრულეთ "ქვედრულა მოდიდებულა" და "წერეთელმა დაგვიბარა". დროის სიმცირის გამო აღარ დაგვიზუსტებია, რომელ წერეთელს ვგულისხმობდით და სუფრის წევრებს საზეიმოდ დავპირდი, რომ ჰიმალაის მთებში აუცილებლად შევსვამდი ქვემო და ზემო რაჭის სადღეგრძელოს (ღების, ჭიორას და გლოლას ჩათვლით, რასაკვირველია...).
პირველი ცდუნება კი თვითმფრინავის აფრენისთანავე გაჩნდა - ეკატერინბურგის მთამსვლელთა გუნდის წევრებმა არაყი რომ შემომთავაზეს. თავიდანვე ვთქვი უარი - ცივი, მაგრამ თავაზიანი. სხვათა შორის, თანამედროვეობის უდიდესი ალპინისტი ანგ რიტა შერპა, რომელიც მხოლოდ ევერესტზე ცხრაჯერ არის ნამყოფი, გამოუსწორებელი ლოთია. იმასაც ამბობენ, ზედ მწვერვალზე დაილოცება ხოლმეო, მაგრამ ეს ჩემთვის ცოტა ძნელი დასაჯერებელია. მჯერა იმის, რასაც ჩემი თვალით ვუყურებ - ცხრა საათის განმავლობაში (რაც კატმანდუმდე ფრენას სჭირდება) რუსებს ბოთლებისთვის ხელი არ გაუშვიათ. მე ისევ მტკიცედ ვიცავდი ჩემს ფხიზელ მდგომარეობას და სადილამდე ვიკითხე ჩემი საყვარელი მწერლის სერგეი დავლატოვის მოთხრობების წიგნი. დაშვებით კი, საწვავის შესავსებად, რომელიღაც არაბული ქვეყნის ქვიშიან ქალაქში დავეშვით და ისეთი სიცხე იდგა, იმის გარკვევასაც მოვერიდე, სად ვიყავით.
ავფრინდით და რამდენიმე მგზავრი შემოგვემატა. მათ შორის (როგორც გაირკვა) შვედი გოგონა (სიმაღლე ორი და ათი), ჩემს გვერდით რომ დაჯდა, ქამარი შეიბა და კატმანდუმდე სკამზე დაბმულმა იფრინა. ვერაფრით შევახსნევინე - ესაო, აეროფლოტის თვითმფრინავია და ყოველ წუთს შეიძლება ჩამოვარდეს, მეშინია, თავი არაფერს მივარტყაო. აეროპორტში ნეპალელი ქმარი მელოდება და დალეწილს და გაუბედურებულს რომ მნახავს, შეიძლება იქვე გამშორდესო.
ქმარი მართლაც ელოდებოდა იმ შვედ გოგონას და, მიუხედავად იმისა, რომ წელამდეც ვერ წვდებოდა ცოლს, მაინც ყურებამდე გაკრეჭილი იდგა აეროპორტის მოსაცდელში.
თვითმფრინავში სხვა განსაკუთრებული არაფერი მომხდარა, გარდა იმისა, რომ ყველა უცხოელ მგზავრს "აეროფლოტის
HyperLink